PMMG არჩევნებს 200-მდე საარჩევნო უბანზე დააკვირდება

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დააკვირდება. ორგანიზაციის 4 გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესებს კერძოდ შემდეგ ოლქებში დააკვირდება: ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქი 1, მარნეული ოლქი 1 და 2.  ამავე საარჩევნო ოლქებში „მრავალეროვანი საქართველოს“ 187 დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების დღეს 187 საარჩევნო უბანზე დააკვირდება.ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ საოლქო საარჩევნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების საქმიანობასაც.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა ტიპის არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონშიც.

„მრავალეროვანი საქართველო“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს 17 მუნიციპალიტეტში  428 დამკვირვებლის, ხოლო 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 18 მუნიციპალიტეტში - 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, მედიასაშუალებებით სრული საარჩევნო დღის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.

“მრავალეროვანი საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს მათთვის წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების დღეს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება.

ამასთან, PMMG აგრძელებს მუშაობას რესურსების მოძიებისთვის, რათა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაკვირვების არეალის გაზრდა შეძლოს. კონკრეტულად, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, წალკის, ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის, საგარეჯოს, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქებში.

| |