2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

 

დღეს, 25 იანვარს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ჩაატარა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის კომპლექსური სამონიტორინგო პროგრამის შედეგების პრეზენტაცია.

პრეზენტაცია გახსნა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა, აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ბატონმა იოჰანეს დოუმამ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეთი მაისურაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველმა ანა მიქელაძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა წარადგინა2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების 9 საარჩევნო ოლქში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების თაობაზე რეალიზებული სამონიტორინგო პროგრამის ანგარიში.

 ორგანიზაციის ექსპერტმა შეაჯამა პროექტის მიზნობრივ საარჩევნო ოლქებში საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების, კერძოდ კი აღსრულებითი,   სამართლებრივი, ინსტიტუციონალური და ფინანსური რესურესების გამოყენების პრაქტიკა, ისევე როგორც პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტები.

 პრეზენტაციის ფარგლებში მიმოხილულ იქნა წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილი ძირითადი ელექტორალური ხარვეზები და გამოწვევები, ასევე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ შემუშვებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საარჩევნო ოლქებში ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობას. 

სამონიტორინგო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

 

  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში.

| |