საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ელექტორული ქცევის კვლევა

დღეს საერთო სამოქალქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ ჩატარებული „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ელექტორული ქცევის კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ჩატარდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (ცესკო) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის საველე სამუშაოები კი „უმცირსობის საკითხთა ევროპულმა ცენტრმა-კავკასია“ (ECMI) განახორციელა. სწორედ ამ უკანასკნელმა წარადგინა კვლევის შედეგებიც. კვლევა ჩატარდა იმ სამიზნე საარჩევნო უბნებნებზე, რომელთა მოსახლეობის 80 %-ს და მეტს ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. ასეთი უბნები კი 6 მუნიციპალიტეტში შეირჩა. ეს მუნიციპალიტეტებია: ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ნინოწმინდა, წალკა. როგორც ECMI-ის პრეზენტაციიდან გაირკვა, ბოლო წლებში შეინიშნება არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებლის საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება. 2010-2014 წლებში 125 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებულ მოქალაქეთა რაოდენობა 70% დან 49,8% მდე შემცირდა 2010 წლის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ 20,471 ადამიანით ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდა 2014 წლის არჩევნებზე.
ეს კვლევა მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს მომდევნო საარჩევნო ციკლებისათვის სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური სომეხი ამომრჩევლის ფართო რაოდენობრივი და ხარისხობრივი ჩართულობის გაზრდას საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ მიზნით ECMI-მ შეიმუშავა რეკომენდაციები რომელიც შეთავაზებული იქნება როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. რეკომენდაციების გაცნობისა და კონკრეტულ ღონისძიებების გატარების პროცეში ჩართვას აქტიურად გეგმავს „მრავალეროვანი საქართველო“.
კვლევის პრეზენტაცია მეიდანზე არსებულ ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სომხური ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლების საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

| |