არჩევნების დღის კენჭისყრის პროცესის შეფასება

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის სამონიტორინგო პროგრამა.

 

სამონიტორინგო პროგრამამ დაფარა ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქები.

 

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართული იყო 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 

სამონიტორინგო პროგრამამ სრულად დაფარა ბორჯომის # 36 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქები.  რაც შეეხება ხაშურის # 35 საარჩვნო ოლქს, სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა ქალაქ ხაშურში მდებარე ყველა საარჩვნო უბანზე.

 

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობას ეწეოდნენ საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებნენ და ამუშავებდნენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამისათვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები.

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

* * *

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

 

ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 26 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება ხმამაღლა გაუკეთა მითითება, თუ რომელი კანდიდატისათვის მიეცა ხმა. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.

 

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 21 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ამომრჩევლის მიერ არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას (ორ ადგილზე გახვრეტილი პირადობის დამატასტურებელი მოწმობა, რაც გულისხმობს რომ იგი ძალადაკარგულია). ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.

 

საარჩევნო უბანზე გაუმართავი ინვენტარის არსებობა:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც 12:07 გაუმართავ მდგომარეობაში იმყოფებოდა მარკირების შესამოწმებელი ფარანი. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა - ფარანი გამოიცვალა.  

 

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 13საარჩევნო უბანის შესასვლელთან იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, კერძოდ ხმაურობდნენ, ასევე აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას.  მრავალეროვანი საქართველოსდამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე,საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ზემოღნიშნულ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

 

ხმის მიცემის პროცედურული დარღვევა:

 

ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე გაცემულ იქნა ბიულეტინი ამომრჩეველზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა. 

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 19 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არ ემთხვევოდა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შესაბამისადაც ახსნა-განმარტება დაწერა კომისიის წევრმა (რეგისტრატორმა), რომელმაც აღიარა მის მიერ დაშვებლი უნებლიე შეცდომა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანზე ადგილი ინციდენტს, რის შესაბამისადაც 12:40 ხალხმრავლობა დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე. ხარვეზი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ნაკადის მარეგულირებელმა მოაწესრიგა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა.  

 

ხაშურის # 35 საარჩევნო ოლქის # 1 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც ამომრჩეველმა საარჩევნო კონვერტი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი  გაიხსნა და ხელმეორედ დაილუქა.

 

ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 23 საარჩევნო უბანზე გაცემულ იქნა ბიულეტინი ამომრჩეველზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც დაიწერა ახსნა განმარტება რეგისტრატორის მიერ.

 

 

სხვა სახის ხარვეზი:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 25 საარჩევნო უბანის გადასატან საარჩევნო ყუთში დაფიქსირდა ჩაგდებული 3 კონვერტი ბიულეტენების გარეშე. “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, კომისიის შესაბამისо წევრების მიერ დაწერილ იქნა ახსნა-განმარტბითი ბარათი, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ მათ შემთხვევით, მგზავრობის დროს ჩაუვარდათ 3 კონვერტი გადასატან ყუთში. ხარვეზი აღმოიფხვრა, სანაცვლოდ გაიცა 3 კონვერტი.

 

სულ სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 10 ინციდენტი მათ შორის: ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა (1 ინციდენტი), არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა (1 ინციდენტი), საარჩევნო უბანზე გაუმართავი ინვენტარის არსებობა (1 ინციდენტი), კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (1 ინციდენტი), ხმის მიცემის პროცედურული დარღვევა (5 ინციდენტი) და  სხვა სახის ხარვეზი (1 ხარვეზი). 

არსებულ ეტაპზე სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ წარდგენილ იქნა 3 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიებში. 3-ივე საჩივარი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, იმდენად რამდენადაც მათ გააჩნიათ საჩივრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საჩივრებში დაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

რაც შეეხება ინციდენტებზე საუბნო საარჩევნო  კომისიების მიერ გაკეთებულ რეაგირებას, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული სიტყვიერი შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა აღმოფხვრილ იქნა გონივრულ ვადებში. ხოლო ის ინციდენტები, რომელთა აღმოფხვრაც არ მოხდა/ან ვერ მოხერხდა, მათზე დაიწერა შესაბამისი საჩივრები.

 

„მრავალეროვანი საქართველო“ განახორციელებს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება განხორციელდება ორგანიზაციის მიერ  დაწერილი საჩივრების განხილვების პროცესზე.

* * *

არჩევნების დღის კენჭისყრის პროცესის შეფასება

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურზე  ბორჯომის # 36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებში წარიმართა მშვიდ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა მცირედი ხასიათის პროცედურულ ხარვეზებს, რაც ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ ყველა მოკლევადიან დამკვირვებელს საშუალება მიეცა თვისუფლად განეხორციელებინა დაკვირვება უბნის გახსნისა და მოწყობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცესის თითოეულ ეტაპზე. 

 

არჩევნების დღის შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი კვალიფიცირებულად იყო ადმინისტრირებული.

 

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და  ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

წინასწარი შეფასების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

| |