„მრავალეროვანი საქართველომ“ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო მემორანდუმის ირგვლივ რეკომენდაციები წარუდგინა

„მრავალეროვანი საქართველომ“ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო მემორანდუმის ირგვლივ რეკომენდაციები წარუდგინა
საერთო სამოქალაქო მოძრაობამ - „მრავალეროვანი საქართველო“, საქართველოს პარლამენტთან არსებულ, საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფს რეკომენდაციები წარუდგინა. აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს როგორც პოლიტიკური მემორანდუმით დარეგულირებულ საკითხებს - საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული აპარატის მეშვეობით ხმის მიცემა, საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსები, ისე საკითხებს, რომელთაც მემორანდუმი არ არეგულირებს. მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხები და შესწორების ოქმების შედგენის საკითხები, ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც ორგანიზაციის აზრით, ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობას და ჩართულობას.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, ასევე ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც მიზნად ისახავენ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის განმტკიცებას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად: პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრევენციისთვის. ამ პროცესში, უაღრესად მნიშვნელოვანია, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ისეთ დარღვევებსა და ფაქტებს, როგორებიცაა სავარაუდო მუქარა, ზეწოლა თუ ფიზიკური ანგარიშსწორება, ამომრჩევლის მოსყიდვა, მოჰყვეს დროული, ობიქტური და სრულყოფილი გამოძიება, ასევე ეფექტური რეაგირება.
საარჩევნო რეფორმის განხორციელების პროცესში, უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ასევე ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის საკითხებზე. გარდა ამისა, მრავალეროვანი საქართველო მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ მემორანდუმში წარმოდგენილი საკითხების განხილვა, მომზადება და მათზე პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს გარკვეულ გონივრულ ვადას, რაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლოა საკმარისი არ იყოს.

| |