2020 წლის საქართველოს პარლამენტის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების პოლიტიკური და ელექტორალური უფლებების რეალიზების პრაქტიკის კვლევა

2020 წლის საქართველოს პარლამენტის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების პოლიტიკური და ელექტორალური უფლებების რეალიზების პრაქტიკის კვლევა.

 

საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქეყანა, მუდმივად რეფორმებისა და გარდაქმნების პროცესშია კონსოლიდირებული დემოკრატიის განვითარების კუთხით, რაც სხვა წინაპირობებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა საჭიროებს ქვეყანაში სტრუქტურულად და ინსტიტუციურად მდგრადი და ეფექტურიად ფუნქციონირებადი პოლიტიკური პარტიების არსებობას, ხოლო მეორეს მხრივ, ჯანსაღ, კონკურენტულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ თავისუფალი და მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში საზოგადოების, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მონაწილეობის საკითხი, რომელიც ერთის მხრივ განსაზღვრავს მთლიანად პროცესის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებსა და განწყობებს, ხოლო მეორეს მხრივ წარმოადგენს სიღრმისეული განსჯის საფუძველს, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანაში ჩართულობითი დემოკრატიის პროცესი.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების ჰერმანევტიკული ანალიზის საფუძველზე იკვეთება ფრიად პესიმისტური ტენდენცია, რის შესაბამისადაც ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი ზოგადად პოლიტიკური და ელექტორალური პროცესების მიმართ, რაც თავის მხრივ შესაძლოა განპირობებული იყოს რიგი ურთიერთ გამაძლიერებელი ფაქტორების არსებობით, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების არასათანადო დონით, რის ნათელ ინდიკატორსაც წარმოადგენს საარჩევნო პროცესში ეთიკური და ზნეობრივი სტანდარტების დაცულობის თვალსაზრისით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები. არანაკლებ საყურადღებოა ზოგადად საზოგადოების დაბალი პოლიტიკური, სამოქალაქო და ელექტორალური კულტურა რაც თავის მხრივ უარყოფით ზეგავლენას ახდენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე.

საჯარო პოლიტიკის, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკური პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ არასახარბიელო საზოგადოები განწყობები აქტუალობას არ კარგავდა 2020 და 2021 საარჩევნო ციკლებისათვის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ, 2021 წლის აგვისტოში, გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოება პესიმისტურად გახლდათ განწყობილი ქვეყნის განვითარების მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელოდნენ. მეტიც, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყნის განვითარების მიმართულების სისწორისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას შეუწყო ხელი. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი შესავალი 4 მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა (23%), ხოლო 35% ფიქრობდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გახლდათ შემცირებული 2020 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან მიმართებაში1.

როდესაც ვეხებით საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის საკითხს, განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩნდება ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების ინკლუზიურობის პრობლემატიკა.

საკითხით დაინტერესებული მხარეებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსათვის, განსაკუთრებით კი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. აღნიშნული ასევე მოიცავს ელექტორალურ ქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობები ხასიათდებიან არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლით, მათი მხრიდან საარჩევნო პროცესებში გააზრებული ჩართულობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვითცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალია.

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ ტრადიციულად ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფები გამოირჩევიან მაღალი ელექტორალური მოწყვლადობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია რიგი ფაქტორების არსებობით, მათ შორის:

• ქართული ენის არასათანადოდ ფლობა;

• ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ გარემოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის არასახარბიელო დონე;

• ენობრივი ბარიერის გამო ქართულ საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომა;

• არასაკმარისი პოლიტიკური კომუნიკაცია ცენტრსა და პერიფერიას შორის;

• ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა პოლიტიკური, სამოქალაქო და გააზრებული ელექტორალური ჩართულობის დაბალი კულტურა;

• პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ სათემო ჯგუფებს შორის მუდმივი და საგნობრივი დისკუსიის პრაქტიკის სიმწირე;

• პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ინტერესი და ნება პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა ფართო ჩართულობის აუცილებლობასთან მიმართებაში;

• პოლიტიკური სპექტრის მიერ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების წინაშე არსებული რეალური პრობლემების, წუხილების, საჭიროებების, ინტერესებისა და გამოწვევის არასრულფასოვანი აღქმადობა და შესაბამისად მათზე რეაგირების სათანადო ხედვებისა და პოლიტიკური ინიციატივების დეფიციტი;

• ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს შორის სახელმწიფოსადმი გაუცხოება და რიგ შემთხვევებში სახელმწიფოსთან თვითიდენტიფიკაციის აღქმის სრული დეფიციტი.

ელექტორალური მოწყვლადობის თვალსაზრისით ზემოთ აღწერილ გამოწვევებს ემატება ის გარემოებაც, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები ყოველთვის წარმოადგენდა მმართველი პოლიტიკური პარტიებისათვის ხმების მობილიზების მნიშვნელოვან წყაროს და შესაბამისად, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების პოლიტიკური და ელექტორალური უფლებების რეალიზების პრაქტიკის შესწავლა, ისევე როგორც პოლიტიკური წარმომადგენლობისა და ელექტორალური ჩართულობის ხელშემშლელი და წამახალისებელი ფაქტორების განსაზღვრა და გაანალიზება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, რასაც ემსახურება წინამდებარე „2020 წლის პარლამენტის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების პოლიტიკური და ელექტორალური უფლებების რეალიზების პრაქტიკის კვლევა“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კვლევაში.

კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო" და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAIDის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

 

  2020 წლის საქართველოს პარლამენტის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფების პოლიტიკური და ელექტორალური უფლებების რეალიზების პრაქტიკის კვლევა

| |