იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა

2015 წლის 28 იანვარს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართა იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საგრანტო შეთანხმების “ახალქალაქის რაიონში საირიგაციო სისტემის გაუმჯობესების პროექტი” ხელმოწერის საზეიმო ცერემონია.  

ცერემონიას დაესწრნენიაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი, პროექტთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორისა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თანამშრომლები.

2014 ფისკალური წლის ზემოხსენებულ პროექტზე ხელის მომწერი მხარეებია საქართველოში იაპონიის საელჩო და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. პროექტის მიზანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საირიგაციო სისტემის მოწყობა, რაც გაზრდის ასამდე ადგილობრივი მცირე ფერმერის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას, ამასთან ერთად რეგიონს გააცნობს თანამედროვე საირიგაციო ტექნოლოგიას.

„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და სხვა. 1998 წლიდან GGP–ის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 143 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 13,850,359 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსთვის 370 მილიონ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა და მოიცავს სფეროთა ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

პრეს-სამსახური

| |