საქართველოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასება და შედეგები[Rus]

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესზე ქვემო ქართლში (ქალაქი რუთავი), კახეთში (ქალაქები: თელავი, ყვარელი, ახმეტა), შიდა ქართლში (ქალაქიგორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავრცელდა. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 100%-ით დაფარეს ქალაქები - თელავი, გორი და მცხეთა.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე კენჭისყრის პროცესს 155 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა. მათ შორის115 უბნის დამკვირვებელი, 9 საოლქო საარჩევნო კომისიის, 30 მობილური ჯგუფის და 1 ცესკოს დამკვირვებელი იყო. 

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

 

“მრავალეროვანი საქართველო” 12 ივლისს, მედიასაშუალებებით მთელი დღის განმავლობაში  აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურების დროს დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ისინი ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან რეგულარულად იღებდნენ ინფორმაციას ყველა იმ საყურადღებო ფაქტზე, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის  იმ კონკრეტულ ქალაქებში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ვრცელდებოდა.

ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეეძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართელოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდა ორგანიზაციის იურისტი.

* * *

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბანზე დაიწერა 11 საჩივარი - მათგან 9 დაკმაყოფილდა. 3 საჩივარი 12 ივლისს შეტანილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში. არჩევნების მეორე დღეს - 13 ივლისს  3 ახალი საჩივარი შეიტანა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, “მრავალეროვანი საქართველოს” სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში მომუშავე დამკვირვებელთა უმეტესობა დაუბრკოლებლად დაუშვეს უბნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად;  „მრავალეროვანი საქართველოს“ ყველა დამკვირვებელს მიეცა საშუალება, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცესს.

არჩევნების დღეს ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 81 ინციდენტი. მათგან:

ü  დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის  2 შემთხვევა - #32 გორის საარჩევნო ოლქის #95 და #83 საარჩევნო უბნებზე;

ü  ამავე უბნებზე მუქარა/ზეწოლის 2 ფაქტი;

ü  უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 3 ფაქტი -  #32 გორის საარჩევნო ოლქის #6 და #83 უბნებზე. ასევე #17 თელავის #39 საარჩევნო უბანი. ამ უკანასკნელში დაიწერა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა.  

ü  საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება / შევსების 14 ფაქტი - #32 გორის საარჩევნო ოლქის #1, #3, #12, #14, #16, #21, #80, #95, #96 საარჩევნო უბნებზე. ასევე #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #2 და #12 საარჩევნო უბნებზე; ასევე #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #5 ისნის  საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე.  #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე. აქედან საჩივარი დაიწერა გორის 3 უბანში. დანარჩენი ინციდენტები სიტყვიერი მითითების შემდეგ აღმოფხვრილია.

ü  დამკირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვის 2 ფაქტი: #32 გორის საარჩევნო ოლქის #1 და #95 საარჩევნო უბნებზე. მათგან დაწერილია 1 საჩივარი გორის #95  უბნის ინციდენტზე. საჩივარი დაკმაყოფილებულია.

ü  სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 5 ფაქტი: #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე და #32 გორის საარჩევნო ოლქის #95 საარჩევნო უბანზე. ასევე #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 და #12 საარჩევნო უბნებზე. მცხეთის #4 საარჩევნო უბანში დაიწერა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ü  მარკირების შემოწმება / გაკეთების გარეშე ხმის მიცემის მცდელობის 2 ფაქტი: #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე, #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე.

ü  არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის მცდელობის 3 ფაქტი: #32 გორის საარჩევნო ოლქის # 95 საარჩევნო უბანზე 2 შემთხვევა და ერთი - #17 თელავის საარჩევნო ოლქის #3 და #45 საარჩევნო უბნებზე. 

ü  აგიტაციის 1 ფაქტი:#17 თელავის #37 საარჩევნო უბანზე.

ü  კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მცდელობის 2 ფაქტი: #17 თელავის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე; #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე.

ü  წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 3 ფაქტი: #32 გორის საარჩევნო ოლქის #16 და #95 საარჩევნო უბნებზე, და #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე.  მათგან გორი #16 უბანში დაიწერა საჩივარი.

ü  კენჭისყრის ადრე/დაგვიანებით დაწყების 3 ფაქტი დაფიქსირდა #32 გორის საარჩევნო ოლქის #1 და #16 საარჩევნო უბნებზე და #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე.

ü  ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვეოდა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას - 2 შემთხვევა: #32 გორის საარჩევნო ოლქის #16 და #84 საარჩევნო უბნებზე.

 

საჩივრები

„მრავალეროვანი საქართველო“ საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს - 13 ივლისს - შეტანილი საჩივრის საფუძველზე ითხოვს:

  • #16 ყვარლის  საარჩევნო ოლქში #17 უბანზე შედეგების ბათილად ცნობას და ხელმეორედ გადათვლას; ოქმის გადასწორებისათვის უბნის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას -   თითოეულის 500 ლარის ოდენობით.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #37 უბნის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებისთვის ორგანიზაცია ითხოვს უბნის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას - თითოეულის 500 ლარის ოდენობით.
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ნაკლებია ბათილი და სუბიექტებისათვის მიცემული ხმების ოდენობაზე.  ორგანიზაცია ითხოვს შედეგების ბათილობას და ხელმეორედ გადათვლას.

 

 

  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ერთიარასამთავრებო ორგანიზაციის ორი წევრი დააფიქსირა უბნის დახურვის პროცესში. ორგანიზაციის დამკვირვებელმა მოითხოვა, რომ ერთ-ერთ წევრს დაეტოვებინა უბანი. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი იმის თაობაზე, რომ სადემონსტრაციო ოქმში, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხელმოწერების გრაფაში, გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა იქნა შეტანილი.
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #4 უბანზე ამომრჩეველი 18:22 წთ-ზე გამოცხადდა და სიაში თავისი მონაცემების გასწვრივ გრაფა ხელმოწერილი დახვდა. ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი - რეგისტრატორის მიერ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვნად შესრულების თაობაზე და მოითხოვა მისი ფუნქციის გადაცემა კომისიის სხვა წევრზე. საჩივარი აღნიშნულ ფაქტზე დაკმაყოფილდა.
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #16 უბანზე კომისიის წევრებმა წილისყრის ჩატარების გარეშე, თვითნებურად გადაინაწილეს ფუნქციები. დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე წილის ყრა ჩატარდა.
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #16 უბანზე წილისყრის ჩატარებამდე კომისიის წევრებს დაურიგდათ ამომრჩეველთა სიები, მარკირების სითხე და სხვა ინვენტარი. ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რადგან სიტყვიერი მითითებით ხარვეზი არ აღმოიფხვრა.
  • „მრავალეროვანი  საქართველოს“  დამკვირვებელს #32 გორის #16 საარჩვენო უბანი 06:38 წუთზე უკვე  გახსნილი დახვდა. კომისიის ყველა წევრი უკვე უბანზე  მისული იყო. დამკვირვებლის  შეკითხვას,   თუ  რატომ  გაიხსნა უბანი  22   წუთით ადრე,  პასუხი არავინ გასცა.  დაიწერა საჩივარი - უბნის გახსნა  კანონით გათვალისწინებული  პროცედურების დარღვევით.  საჩივარში მოთხოვნილ  იქნა   კომისიის თავმჯდომარის   დისციპლინარული  პასუხისმგებლობა. საჩივარი დაკმაყოფილდა. 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში აფიქსირებდა, რომ სადემონსტრაციო ოქმში სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობას არ აღნიშნავდნენ იმ მოტივით, რომ შესაძლოა ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილიყო. „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა ცესკოს განმარტებისთვის. შედეგად ხარვეზი გამოსწორდა.  მითითება მიეცა შესაბამის საარჩევნო კომისიებს.
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ხმების გაყალებების შესაძლო ფაქტს ჰქონდა ადგილი: ორგანიზაციის დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ რეგისტრატორი ფურცელს მალავდა, რომელზეც მინაწერები იყო გაკეთებული. დამკვირვებელმა მოითხოვა ფურცლის წარდგენა. აღმოჩნდა, რომ ფურცელზე ჩამოწერილი იყო სახელები და გვარები.  ორგანიზაციის დამკვირვებელმა რეგისტრატორის საქციელი საეჭვოდ მიიჩნია და ამ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოთხოვა. ამ ფაქტზე დარეგისტრირდა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა. რეგისტრატორს ჩამოერთვა უფლებამოსილება .

 

 

საარჩევნო დღის მონიტორინგის წინასწარი შეფასება:

დასკვნის სახით  შეიძლება ითქვას, რომ “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, უმეტესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლში (ქალაქი რუთავი), კახეთში (ქალაქები:თელავი, ყვარელი, ახმეტა), შიდა ქართლში (ქალაქი გორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) და თბილისის 3 საარჩევნო ოლქში (კრწანისი, ისანი, სამგორი) მცირედი ხარვეზებით მიმდინარეობდა,  რაც სავარაუდოდ ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა უმრავლესობას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა დაკვირვება არჩევნების დღის ყველა პროცედურის მიმდინარეობის განმავლობაში. კენჭისყრა ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა „მრავალეროვანი–საქართველოს“ დამკვირვებელებმა დააფიქსირეს რიგი მნიშვნელოვანი დარღვევებისა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო ელექტორალური ცნობიერების დაბალი დონითა და პოლიტიკური კულტურის სიმწირით.

 

 

ინფორმაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შესახებ:

იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა დაკვირვება, 155 შემთხვევაში  საუბნო კომისიის 13-ვე წევრი დაესწრო  უბნის გახსნის პროცედურას.

115-დან 84 შემთხვევაში „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები იმ დამკვირვებელთა შორის იყვნენ შერჩეული, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლის პროცედურას უშუალოდ აკვირდებოდნენ. 

იმ უბნებზე, სადაც ორგანზიაციამ განახორციელა დაკვირვება, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში ქალები ფართო სპექტრით იყვნენ წარმოდგენილნი. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების 71.3% იყო ქალი, ხოლო 97.4%შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ასევე იყო ქალი.

 

 

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს იურისტების საშუალებით,  რომლებიც დაკვირვებას გაუწევენ   დამკვირვებელების მიერ დაწერილი საჩივრების მიმდინარეობის პროცესს.

 

***

„მრავალეროვანი საქართველოს“  2014 წლის 12 ივლისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის სადამკვირვებლო მისიის დონორი ორგანიზაციებია: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ეროვნული ღვაწლიდემოკრატიისთვის (NED).

ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს პრეს-სამსახური

ცხელი ხაზი: 296 21 25

 

პრეს-სამსახური

| |