საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით 11:30

“მრავალეროვანი საქართველოს”

განცხადება

12 ივლისი

11:30

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესზე ქვემო ქართლში (ქალაქი რუთავი), კახეთში (ქალაქები: თელავი, ყვარელი, ახმეტა; ასევე თელავის მუნიციპალიტეტში ყარაჯალის თემი), შიდა ქართლში (ქალაქი გორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვრცელდება. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს - თელავი, გორი და მცხეთა.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე კენჭისყრის პროცესს 156 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. მათ შორის 116 უბნის დამკვირვებელი, 9 საოლქო საარჩევნო კომისიის, 30 მობილური ჯგუფის და 1 ცესკოს დამკვირვებელი გახლავთ.  

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მათი მეშვეობით ორგანიზაციის დამკვირვებლები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ საყურადღებო ფაქტზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს კონკრეტულ რეგიონებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. 

ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეუძლია დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართველოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი.

12 ივლისის 11:00 სთ-ის მონაცემებით, “მრავალეროვანი საქართველოს” სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში მომუშავე ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლად დაუშვეს უბნებზე დაკვირვების განსახორციელებლად;  საარჩევნო უბნების უმეტესობა 8:00-ზე მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად.

ამ დროისთვის დაწერილია 3 საჩივარი. ამ ეტაპისთვის ინციდენტის 22 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელბის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა. 

  • დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნები 7:00 სთ-ზე ადრე გაიხსნა. კერძოდ, გორის #16, გორის #1, ყვარლის #30 საარჩევნო უბნებზე. - დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.
  • წილისყრის ჩატარების დარღვევის 1 შემთხვევა დაფიქსირდა გორის #16 უბანზე, სადაც კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაინაწილეს ფუნქციები. დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე წილის ყრა ჩატარდა.
  • გორის #16 უბანზე წილის ყრის ჩატარებამდე კომისიის წევრებს დაურიგდათ ამომრჩეველთა სიები, მარკირების სითხე და სხვა ინვენტარი. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რადგან სიტყვიერი მითითებით ხარვეზი არ აღმოიფხვრა. 
  • უბნის არასათანადო მოწყობის 1 ფაქტი დაფიქსირდა თელავის #6 უბანზე: კაბინაში არ იყო გამოკრული ხმის მიცემის და ბიულეტენების გაბათილების ინსტრუქცია. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. 
  • თელავის #4 უბანზე პროცედურების არათანმიმდევრული ჩატარების მცდელობას ჰქონდა ადგილი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ ფაქტი აღმოიფხვრა. 
  • ისნის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ უბანზე სიტუაცია გამოსწორდა. 
  • მცხეთის #4 უბანზე პროცედურების არათანმიმდევრული ჩატარების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. 
  • კრწანისის #10 საარჩევნო უბანის გახსნამდე ტერიტორიაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა არაუფლებამოსილი პირი დააფიქსირა. მისი მოთხოვნით პირმა ტერიტორია დატოვა.  
  • მცხეთის #2 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთის ნაცვლად, ორი ბიულეტენი გადასცა. ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ დაიწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი და დარღვევა აღმოიფხვრა. 
  • თელავის #3 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის მცდელობას. კერძოდ, ამომრჩეველი უბანზე გამოცხადაა მართვის მოწმობით. ორგანიზაციის დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ აღნიშნულ ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება. 
  • კერძოდ, გორის #21 საარჩევნო უბანზე, სადემონტრაციო ოქმში სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო აღნიშნული იმ მოტივით, რომ შესაძლოა, რაოდენობა გაზრდილიყო. ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ ხარვეზი გამოსწორდა. 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. 

პროგრამის დონორი ორგანიზაციები გახლავთ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED).

ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს. 

 

მედიისთვის შემდეგ განცხადებას “საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო” დღის განმავლობაში გამოვლენილი პროცედურული დარღვევების შესახებ განცხადებას მედია ცენტრში, 18:30-ზე გააკეთებს.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.

“მრავალეროვანი საქართველოს” პრეს-სამსახური

 

პრეს-სამსახური

| |