კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ 18:30

განცხადება

12 ივლისი

18:30

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესზე ქვემო ქართლში (ქალაქი რუთავი), კახეთში (ქალაქები: თელავი, ყვარელი, ახმეტა), შიდა ქართლში (ქალაქი გორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვრცელდება. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს - თელავი, გორი და მცხეთა.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე კენჭისყრის პროცესს 155 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. მათ შორის 115 უბნის დამკვირვებელი, 9 საოლქო საარჩევნო კომისიის, 30 მობილური ჯგუფის და 1 ცესკოს დამკვირვებელი გახლავთ.  

12 ივლისის 8:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე არსებული მონაცემებით, დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის პროცესი გარკვეული ხარვეზებით ხორციელდება.  

ამ ეტაპისთვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაწერილია 8 საჩივარი. 4 მათგანი დაკმაყოფილდა,  დანარჩენი განხილვის პროცესშია. ასევე გამოვლენილია 46 ინციდენტი. 

  • #32 გორის საარჩევნო ოლქის, #6 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ტერიტორიაზე ალტერნატიული შესასვლელით შევიდნენ. ისინი კომისიის წევრებისგან ინფორმაციას იღებდნენ უბანზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა მოითხოვა ალტერნატიული კარის დაკეტვა, მაგრამ რადგანაც მის მითითებას რეაგირება არ მოჰყვა, აღნიშნულ დარღვევაზე დაიწერა საჩივარი. 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობა შეყვანილი იყო გადასატანი ყუთის სიაში მათი მოთხოვნის გარეშე. ისინი ამ ფაქტის შესახებ გაფრთხილებულნიც არ იყვნენ, რადგან ყველა მათგანი ხმის მისაცემად უბანზე გამოცხადდა. ორგანიზაციის დამკვირვებელმა მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. საჩივარი ამ საკითხზე დარეგისტრირებულია. 
  • მუქარისა და ფიზიკური ზეწოლის 1 შემთხვევა დაფიქსირდა #32 გორის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე. - ორგანიზაციის დამკვირვებლი უბანზე პროცედურული დარღვევის აღკვეთას და ხარვეზის რეგისტრაციის წიგნში შეტანას შეეცადა, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მუქარა და ზეწოლა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე დაწერილია საჩივარი. 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ხმების გაყალებების შესაძლო ფაქტს ჰქონდა ადგილი: ორგანიზაციის დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ რეგისტრატორი ფურცელს მალავდა, რომელზეც მინაწერები იყო გაკეთებული. დამკვირვებელმა მოითხოვა ფურცლის წარდგენა. საუბნო საარჩევნო კოისიის თავმჯდომარის მითითების შემდეგ, რეგისტრატორმა ფურცელი წარადგინა, რომელზეც სახელები და გვარები იყო ჩამოწერილი.  ორგანიზაციის დამკვირვებელმა რეგისტრატორის საქციელი საეჭვოდ ჩათვალა და ამ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვა. ამ ფაქტზე დარეგისტრირდა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილებულია. 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველთან ერთად არაუფლებამოსილი პირის შესვლის ფაქტი. იგი ცდილობდა ამომრჩეველეს საარჩევნო კაბინაში შეჰყოლოდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითებით ფაქტი არ ამოიწურა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი. 

თბილისში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 საარჩევნო ოლქის (კრწანისი #4, ისანი #5 და სამგორი #6) 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა არის 13%.

თბილისში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 საარჩევნო ოლქის (კრწანისი #4, ისანი #5 და სამგორი #6) 46 საარჩევნო უბანზე 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა არის 23.6%.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მათი მეშვეობით ორგანიზაციის დამკვირვებლები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ საყურადღებო ფაქტზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს კონკრეტულ რეგიონებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. 

ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეუძლია დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართელოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი.

პროგრამის დონორი ორგანიზაციები გახლავთ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“  და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED).

ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

მედიისთვის შემდეგ განცხადებას “საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო” დღის განმავლობაში გამოვლენილი პროცედურული დარღვევების შესახებ განცხადებას მედია ცენტრში, 22:00-ზე გააკეთებს.

პრეს-სამსახური

| |