მ ი ლ ო ც ვ ა

ქართველ მუსლიმთა სახელით მინდა შევუერთდე იმ დიდ სადღესასწაულო სიხარულს, რომელსაც მთელი ისლამური სამყარო მოუთმენლად ელოდება. ეს არის ისლამში არსებულ ორ დიდ დღესასწაულთაგან უდიდესი დღესასწაული ყურბან ბაირამი, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მეთორმეტე თვის ზილჰიჯჯას მეათე დღეს აღინიშნება, მიმდინარე წელს ეს თარიღი 24 სექტემბერს დაემთხვა.

ძვირფასო დებო და ძმებო! ყურბან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს იღებს, იბრაჰიმ შუამავალის მიერ, მისი შვილის, ისმაილის მსხვერპლად შეწირვის მცდელობის დღიდან. ისლამის მიხედვით, იბრაჰიმ შუამავალს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი გამოეცხადა და ალლაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო, უსაყვარლესი შვილი ისმაილი უნდა შეეწირა. იბრაჰიმ შუამავალი დამორჩილდა ალლაჰის ნებას და ალლაჰის ბრძანების აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალლაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმ შუამავალი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – ისმაილი, მას კრავი მოუვლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა. ეს იყო ნიშნი იმისა, რომ იბრაჰიმ შუამავალმა ღმერთის წინაშე გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ღმერთო დიდებულო! ყველა მუსლიმ მოგვეცი ასეთი მყარი სიყვარული ალლაჰისადმი, როგორიც იბრაჰიმ შუამავალს ჰქონდა. უზანაესო ალლაჰო, გვქმენი მომთმენთაგანი და მიიღე ჩვენი ლოცვა-ვედრებანი მსგავსად ქააბაში შესრულებული ღვთისმსახურებისა.

სულითა და გულით ვულოცავ ამ წმინდა დღეს მსოფლიოს ყველა მუსლიმს, უზენაესმა გამჩენმა ალლაჰმა იყაბულოს ყველა მუსლიმის შესაწირი ყურბანი. ამ დღის მადლით ღმერთმა დაამკვიდროს ადამიანთა შორის სიყვარული, მსოფლიოში მშვიდობა, შეწყვეტილიყოს სისხლისღვრა და კაცთმოძულეობა, შოვინიზმი და გაუტანლობა.

განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს, გისურვებთ თქვენს ოჯახებში სიმშვიდეს, გამრავლებას, ბარაქას, ყოველივე კარგს და სხვა აღმსარებლებთან ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებას.

ღმერთმა დალოცოს და ხელი მოუმართოს ყველა კეთილმყოფელ ადამიანს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო სრულიად საქართველო.
აამინ.

ტარიელ ნაკაიძე
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

| |